თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად, დაახლოებით 250 ადამიანი სამსახურიდან გათავისუფლდება, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეარხ Palitra.ge–ს გადაცემა „360 გრადუსში“.
მინისტრის განცხადებით, 73 რაიონულ საგანმანათლებლო რესურს–ცენტრში თითო–თითო იურისტი მუშაობს, რეორგანიზაციის შედეგად 36–37 ადამიანი დარჩება.
„ყოველ რესურს–ცენტრს თითო იურისტი არ სჭირდება და ამიტომ გადავწყვიტეთ მათი რაოდენობის შემცირება“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავას მიაჩნია, რომ ფინანსების ოპტიმიზაციისთვის მიზანშეწონილია, სამინისტროში მომუშავე ვებ–სპეციალისტების ნაცვლად, პერიოდულად ინტერნეტ–კომპანიების მომსახურებით ისარგებლონ.
რეორგანიზაცია ასევე შეეხება სამინისტროს აუდიტის სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლებს. ჯეჯელავა ასევე არ გამორიცხავს უწყების აპარატიდან თანამშრომლების გათავისუფლებას.
საქართველოს ახალი მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების იდეას აქტიურად ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით, რიგმა მინისტრება ეკონომიის დაწყების შესახებ – თანამშრომელთა ხელფასებისა და თავად თანამშრომლების ხარჯზე – უკვე განაცხადეს.
საქართველოს მთავრობის ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებული გეგმის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯები 10%–ით უნდა შემცირდეს. ხარჯების შემცირება უკვე გაწერილია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა ჩინოვნიკების ხელფასები, პრემიები და გაბერილი შტატები.