გიორგი მღებრიშვილი: საქართველო და ევროპოლი ოპერატიული პარტნიორები გახდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო უახლოეს მომავალში ევროპოლთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველო და ევროპის საპოლიციო სამსახური (ევროპოლი) უხლოეს მომავალში ხელს მოაწერენ შეთანხმებას სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის პროექტი დაამტკიცა. საქართველოსთან შეთანხმებას ევროპოლის დირექტორი რობ უეინრაიტი მოაწერს ხელს.

„აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს  ვითანამშრომლოთ ევროპოლთან როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით; უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ ოპერატიული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები, მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში, ასევე მივიღოთ ევროპოლისგან ანალიზზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი საპოლიციო ინფორმაცია“, — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

თბილისმა ევროკავშირის საპოლიციო სამსახურთან დაახლოებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. იმავე წლის ივლისში საქართველოს ევროპოლის ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, რომელმაც დადებითად შეაფასა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხარისხი, ხოლო დეკემბერში დადებითი დასკვნაც გამოაქვეყნა. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პოლიცია ევროპოლთან თანამშრომლობას იწყებს

„ევროპოლთან ოპერატიული თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს ევროკავშირის წევრ ქვეყანათა საპოლიციო კავშირში. ეს ნიშნავს კიდევ მეტ უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ევროპის სამართალდამცველ უწყებებთან, ეს ნიშნავს უფრო ეფექტურ ერთობლივ ბრძოლას ტრანსნაციონალურ დამნაშავეობასთან“, — აღნიშნა ბრიფინგზე მღებრიშვილმა.

მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში ჰააგაში მდებარე ევროპოლის შტაბ-ბინაში მიავლენს კავშირის ოფიცერს, რომელიც ევროკავშირის პოლიციის სამსახურთან მჭიდრო კავშირების დამყარებაზე იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპოლმა მსგავსი შეთანხმებები მანამდე უკვე გააფორმა ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებთანაც: აშშ-თან, კანადასთან, ავსტრალიასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასა და ისლანდიასთან.

ევროპის საპოლიციო უწყება — ევროპოლი 2006 წლის აპრილში ჩამოყალიბდა ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, საერთაშორისო ტერორიზმთან, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასთან და სხვა დანაშაულთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცველ უწყებებთან ერთობლივი ბრძოლის მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0