კახა კალაძე: საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი არ გაიზრდება

გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გაანგარიშებით, ელექტროენერგიაზე ტარიფი არ უნდა შეიცვალოს.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქვეყანაში ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის აუცილებლობას ვერ ხედავს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) არაუგვიანეს 31 დეკემბრისა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიაზე ტარიფის კორექტირების შესახებ როგორც თბილისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით. ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით განაცხადები კომისიაში საქართველოს ყველა ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ შეიტანა.

ქვესადგური მარნეული -500 - Sputnik საქართველო
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფები შეიძლება გაიზარდოს

„ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია. დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება… თუ იქნება იმის აუცილებლობა, რომ ტარიფები გადაიხედოს (ვალუტის) კურსიდან გამომდინარე, გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას. დღეს ამის აუცილებლობა არ არის და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ აბსურდული და არასერიოზული განცხადებებისგან“, — განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უკანასკნელად ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი შარშან გაიზარდა კომპანიების განაცხადების საფუძველზე, რომლებიც ელექტროენერგიის წარმოებაზე და განაწილებაზე ტარიფების გადახედვას მოითხოვდნენ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით.

თბილისში მოსახლეობა ელექტროენერგიის მოხმარებული მოცულობიდან გამომდინარე, 1 კვტ/სთ-ში იხდის 0,11 ლარიდან 0,18 ლარამდე, რეგიონებში კი 0,12 ლარიდან 0,21 ლარამდე. 

ყველა ახალი ამბავი
0