თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია (სემეკი) არ გამორიცხავს ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.
მარეგულირებელმა კომისიამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა როგორც თბილისის, ისე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიაზე ტარიფების კორექტირების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კომისიაში ტარიფის გადახედვის შესახებ განაცხადები საქართველოს ყველა ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ შეიტანა.
„ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას არ გამოვრიცხავ… უკვე გაიზარდა დისპეტჩერიზაციაზე ტარიფები, დიდი ალბათობით გაიზრდება ტარიფები თბოელექტროსადგურებისთვის, თუმცა შემცირდა იმპორტის ფასი, ის, რაც სხვა ქვეყნებში ხდება, ჩვენზეც აისახა. ტარიფი იქნება ისეთი, რომ არც ერთი კომპანია არ დაზარალდეს“, — განაცხადა მილორავამ.
ელექტროენერგიის იმპორტზე ფასების შემცირება დაკავშირებულია ფასების დაწევის შესახებ რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან და ასევე იმ ფაქტთან, რომ საქართველოს ზამთრის პერიოდში შეუძლია ელექტროენერგიის აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იმპორტი, დასძინა მან.
ამასთან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტარიფის შესახებ ზუსტ პროგნოზს მას შემდეგ გააკეთებს, როდესაც ყველა სახის ტარიფზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
„სემეკში ორი კვირის განმავლობაში გაიმართება სხდომები ტარიფების შესახებ, სანამ ჩვენ სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ, ჩვენ უნდა მივიღოთ დისპეტჩერიზაცია-გადაცემის, ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურების ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, – განმარტა მილორავამ.
ბოლოს ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი გასულ წელს გაიზარდა კომპანიების განცხადებების საფუძველზე, რომლებმაც ელექტროენერგიის წარმოებასა და გადაცემაზე ტარიფის გადახედვა ეროვნული ვალუტის ვარდნის გამო მოითხოვეს.
ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობიდან გამომდინარე, თბილისის მცხოვრებლები 1 კვტ/სთ-ში დღგ-ის გარეშე 0,11-დან 0,18 ლარამდე იხდიან, რეგიონებში კი 0,12-დან 0,21 ლარამდე.