თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კახა კალაძე უახლოეს თვეებში ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას არ ელოდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) არაუგვიანეს 31 დეკემბრისა როგორც თბილისის, ისე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიაზე ტარიფის კორექტირების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კომისიაში ტარიფის გადახედვის შესახებ განაცხადები საქართველოს ყველა ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ შეიტანა.
„ჩვენ ხშირად გვესმის განცხადება, რომ ელექტროენერგიაზე ფასები მოიმატებს. ეს სემეკის პრეროგატივაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამინისტროში ჩვენც ვაკეთებთ გამოთვლებს. შემიძლია გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის“, — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში, ტარიფი გადაიხედება, დასძინა მან.
„ჩვენ არ დაუშვებთ კომპანიების გაკოტრებას, რომ ენერგეტიკა ჩამოიშალოს“, — აღნიშნა მან.
ბოლოს ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი გასულ წელს გაიზარდა კომპანიების განცხადებების საფუძველზე, რომლებიც ელექტროენერგიის წარმოებასა და გადაცემაზე ტარიფის გადახედვას ეროვნული ვალუტის ვარდნასთან დაკავშირებით მოითხოვდნენ.
ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობიდან გამომდინარე თბილისის მცხოვრებლები 1 კვტ/სთ-ში დღგ-ის გარეშე 0,11-დან 0,18 ლარამდე იხდიან, რეგიონებში კი 0,12-დან 0,21 ლარამდე.