თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მიგრანტების ტალღა მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, შესაძლოა, მათ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში მოსახვედრად ტრანზიტად გამოიყენონ, აცხადებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.
ექსპერტების პროგნოზებით, ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს 2017 წლის გაზაფხულზე გააუქმებს. თუ ევროპარლამენტარები კანონპროექტს მოიწონებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღით 180 დღის მანძილზე) ისარგებლებენ.
„ბევრი საქართველოში ევროპაში გადასვლის მიზნით ჩამოდის. ასეთი შემთხვევები არსებობს. გამორიცხული არ არის, რომ ბევრმა საქართველოს მოქალაქეობაც კი მოითხოვოს, როცა ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს“, — განაცხადა ჩიტაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.
ექსპერტის აზრით, საქართველოში მიგრანტების ტალღა მოსალოდნელი არ არის.
„საქართველო ეკონომიკურად არც ისე განვითარებულია და, ვფიქრობ, მიგრანტები ევროპისკენ აიღებენ გეზს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მიგრანტები საქართველოში ევროპაში გადასვლის მიზნით ჩამოდიან. ასეთი რამ მომხდარა და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ მოხდეს. მაგრამ არ მგონია, რომ ამან მასობრივი ხასიათი მიიღოს“, — განაცხადა ჩიტაძემ.
ამასთან ექსპერტმა გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა საქართველო დაავალდებულოს, საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დევნილები.