თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მისმა სომეხმა კოლეგამ ვიგენ სარქისიანმა 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სარქისიანი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, მოგვიანებით კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიაში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.
„ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია რეგიონული უსაფრთხოება, მშვიდობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად. დღეს ხელი მოვაწერეთ თავდაცვის სფეროში მომავალი წლის თანამშრომლობის გეგმას. ის მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას. გვინდა, რომ ეს ურთიერთობები მომავალში უფრო გავაღრმავოთ და განვამტკიცოთ“, — განაცხადა იზორიამ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
მხარეები თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო განათლებისა და მედიცინის კუთხით თანამშრომლობასა და სამხედრო პოლიციის მუშაობაში გამოცდილების ურთიერთგაზიარებას გეგმავენ.
ეს თავდაცვის მინისტრის რანგში ვიგენ სარქისიანის პირველი ვიზიტია საქართველოში. მან ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენს ხალხებს ათასწლეულებია კარგი ურთიერთობა აქვთ. საქართველო ძლიერი ქვეყანაა, რომელიც საუკუნეებია სახელმწიფოებრიობას აშენებს. ჩვენ ძალიან ძლიერი და მეგობრული ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან“, — აღნიშნა ვიგენ სარქისიანმა.
რამდენიმე დღის წინ ანალოგიური ხელშეკრულება ლევან იზორიამ ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვთან გააფორმა.