თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ გიორგი ლომაიამ პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ ფეხბურთელმა გამომცემლობა „ლელოსთან“ ინტერვიუში აღნიშნა.
37 წლის მეკარემ თავისი ბოლო სეზონი თბილისის „დინამოს“ რიგებში გაატარა. კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე იყო გათვლილი, თუმცა, მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით, ხელშეკრულება გაწყვიტეს.
„ბავშვი აღარ ვარ და ინერციით თამაშს ვამჯობინე ახალი ცხოვრება დამეწყო“, — განაცხადა ლომაიამ ინტერვიუში.
თავისი კარიერის განმავლობაში (მან თამაში 18 წლისამ დაიწყო), ლომაია მრავალ კლუბში გამოდიოდა. 1995-1999 წლებში მეკარე თამაშობდა საქართველოში, ამის შემდეგ გადავიდა რუსეთში, სადაც გამოდიოდა მოსკოვის „სპარტაკში“, „ხიმკიში“, ვლადივოსტოკის „ლუჩ-ენერგიაში“.
შემდეგ ლომაია გერმანიაში წავიდა, მაგრამ „კარლ-ცაისის“ ძირითადი მეკარე მაინც ვერ გახდა და საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში ერთი სეზონის შემდეგ ლომაია 2009 წელს ბაქოს „ინტერში“ გადავიდა, სადაც, თბილისის „დინამოში“ დაბრუნებამდე, შვიდი სეზონი გაატარა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლომაია 1998-2010 წლებში გამოდიოდა, ითამაშა 45 მატჩი, რაც ქართველ მეკარეთა შორის რეკორდული მაჩვენებელია.

