თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესწორებების განხილვას იწყებენ. შესწორებები ხმაურისთვის ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს, აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
კანონპროექტის ინიციატორია თბილისის საკრებულო, რომელმაც ადრე დედაქალაქში ხმაურისთვის შეზღუდვები დააწესა.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ხმაური, რომელიც მიაღწევს საცხოვრებელ სახლებს ან საზოგადოებრივ შენობებს და გადააჭარბებს დადგენილ ნორმას: 40 დეციბელს დღისით, ხოლო 30 დეციბელს — ღამით, ადმინისტრაციულ დარღვევად ჩაითვლება.
კანონის პირველი დარღვევის შემთხვევას გაფრთხილება მოჰყვება. მაგრამ განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი — 500 ლარით.
თუ კანონს მესამედ დაარღვევენ, ჯარიმა ორმაგდება: დამნაშავე ფიზიკურ პირს 300, ხოლო იურიდიულ პირს — 1000 ლარის ჯარიმა ელოდება.
კანონპროექტის თანახმად, დღის საათებია 07:00-დან 23:00 საათამდე, ხოლო 23:00-დან 07:00 საათამდე — ღამის.