თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის კურსი პროგნოზირებულ დონეზე, აღნიშნულია ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის განცხადებაში.
ბოლო პერიოდში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ მნიშვნელოვნად ეცემა. ნოემბრის დასაწყისიდან ის 11,8%-ზე მეტით დაეცა და 20 დეკემბერს ლარის კურსმა მიაღწია ნიშნულს 2.7412 GEL/$1. წლიური ინფლაცია შეადგენს 0,2%-ს, ხოლო ინფლაციის პროგნოზირებული დონე 2016 წლისთვის — 5%-ს.
„ჩვენი წინასწარი შეფასებით, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს. გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს“, — აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ამასთან, ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი პირობას დებს, რომ ფასების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და არ დაუშვებს ინფლაციის მაღალ დონეს.
ფუნდამენტურ ფაქტორებში ეროვნული ბანკი დოლარის გლობალურ გამყარებასა და თურქული ლირის გაუფასურებას გულისხმობს.
ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ჩარევა ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებაში ფუნდამენტური ფაქტორების გამო კონტრპროდუქტიულია და ეროვნული ბანკი ინტერვენციების განხორციელებას არ გეგმავს.