თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა შალვა ბაირახტარმა “Sputnik” –თან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელიც დღეს ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას.
1. წინასაახალწლო პერიოდი — ამ დროს კომპანიები სხვადასხვა პროდუქტებს დიდი რაოდენობით იმარაგებენ, ეს კი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას უზრუნველყოფს;
2. დოლარის უპრეცენდენტო გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ, —დოლარის ინდექსმა 2016 წლის 1 დეკემბერს 2003 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია;
3. რეფინანსირების სესხები, რომლებიც 1მილიარდ 300 მლნ-მდე არის გაზრდილი;
4. ეროვნული ბანკი, რომელიც საერთოდ არ ერევა ლარის კურსის დადგენაში;
5. მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებები;
6. საინფორმაციო ვაკუუმი — პანიკა სავალუტო ბაზარზე, რაც თუნდაც გუშინ გამოწვეული იყო იმავე საინფორმაციო ვაკუუმით;
ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ უკვე 2 ლარსა და 50 თეთრს გადასცდა. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ და საქართველოს მოსახლობაში გაჩენილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე.
ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 1 ნოემბრისთვის ლარში გაცემული კრედიტების მოცულობა კრედიტების საერთო მოცულობის 36,19%-ს შეადგენს, ხოლო ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების მოცულობა — 30,32%-ს.
2016 წლის 1 ნოემბრიდან ლარი აშშ დოლარის მიმართ 5,1%-ით დაეცა.
საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის კურსის შეკავებისა და დოლარიზაციის დონის დაწევის მიზნით გეგმა შეიმუშავეს, რომელიც იპოთეკური სესხების აშშ დოლარიდან ლარში გადაყვანას ითვალისწინებს. პროცესი 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ორი თვე გაგრძელდება. იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის დონის შემცირებას და ეროვნული ვალუტის კურსის მხარდაჭერას.
ნანა პატარაია