თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის უმაღლესი ხელისუფლება მონაწილეობას მიიღებს სამგლოვიარო ცერემონიაში აეროპორტში, საიდანაც ანკარაში მოკლული რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის ცხედარს სამშობლოში გადაასვენებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ დიპლომატიური მისიის პრეს-ატაშეს ირინა კასიმოვას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნაზე გუშინ, საღამოს მოკლეს. დიპლომატის მკვლელი — თურქი ყოფილი პოლიციელი მევლუთ მერთ ალთინთაში ლიკვიდირებულია. რუსეთის საგარეო უწყებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
„აეროპორტში დღეს სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის უმაღლესი ხელისუფლება და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ამის შემდეგ ცხედარს სამშობლოში გადაასვენებენ“, — განაცხადა კასიმოვამ.
მან დასძინა, რომ რუსეთში საგამოძიებო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ანკარაში სამშაბათს ჩავა.
„მასში შედიან რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი თურქ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ“, — განაცხადა კასიმოვამ.
დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების შესაბამისად საელჩო კარლოვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენისა და მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად თავის წინადადებებს წარადგენს.
„მიგვაჩნია, რომ ეს თავდასხმა პროვოკაციაა, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაფუჭებისკენ არის მიმართული, რათა სირიაში ტერორიზმთან ეფექტური ბრძოლა არ დაუშვან“, — აღნიშნა კასიმოვამ.
მისი განცხადებით, დიპლომატიური მისიის დაცვა ამჟამად გაძლიერებულია.