მინისტრი: პოლიციელს ბრალის დამტკიცების შემდეგ დასჯიან

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „იბერია TV“-ს ჟურნალისტის მტკიცებით, მას სამი მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა, რომელთაგან ერთი შსს-ს თანამშრომელია.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია „იბერია TV“-ს ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე პოლიციელის ბრალეულობა დადასტურდება, მაშინ ის უმკაცრესად დაისჯება, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

გასვიანმა პოლიციის განყოფილებას განცხადებით გუშინ მიმართა და აღნიშნა, რომ მას ბორჯომში სამი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, რომელთა შორის ერთი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი იყო. მომხდარის მიზეზები უცნობია.

„როდესაც ის ადამიანი არღვევს კანონს, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და სხვებს უნდა მოუწოდებდეს წესრიგისკენ, ამ შემთხვევაში მას კანონი უმკაცრესად დასჯის. მე მას არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ ჟურნალისტის ჩვენება დადასტურდება, მაშინ პოლიციელი უმკაცრესად დაისჯება. მე თქვენ ამის გარანტიას გაძლევთ“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

დაკავება - Sputnik საქართველო
შეტაკება პოლიციასთან აჭარაში – დაკავებულია ერთი ადამიანი

გასვიანის განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის საკუთარი ავტომობილით სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-სკენ გზის გაგნებას ცდილობდა. ავტომობილი გზაზე მოცურდა. ის მანქანიდან გადმოვიდა, რა დროსაც მასთან სამი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც მისი ცემა დაიწყეს. სამთაგან ერთ-ერთი, რომელმაც პოლიციის თანამშრომლად წარადგინა თავი, ჟურნალისტს იარაღით დაემუქრა, რომ მომხდარი ფაქტი მეორე დღეს პოლიციაში არ გაემხილა.

მომხდარი ფაქტის გამოძიებისა და პოლიციელის დასჯისკენ შსს-ს, თავის მხრივ, ტელეკომპანია „იბერია TV“-მ მოუწოდა.

„ბოლო პერიოდში გიორგი გასვიანს რამდენიმე კრიტიკული ეთერი ჰქონდა. ჩვენ არ გვსურს ვიფიქროთ, რომ ეს (ცემა — რედ.) მის პროფესიონალურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული“, — განაცხადა ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „ძალადობა“, რაც ჯარიმას ან 120-დან 180 დღემდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0