თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ აჭარის სოფელ ალამბარში 41 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა და მათ ავტომანქანას დაეჯახა, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული გვიან ღამით ავტომობილით სოფელ ალამბარში გადაადგილდებოდა. პოლიციამ, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ მას ავტომანქანაში იარაღი ჰქონდა, ავტომობილის გაჩერება მოითხოვა. ამის საპასუხოდ მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და პოლიციის მანქანას დაეჯახა.
პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. ამის შედეგად ეჭვმიტანილი მსუბუქად დაიჭრა. მას საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, ხოლო შემდეგ დააკავეს.
მოგვიანებით ოპერატიულმა მუშაკებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა დანაშაულის ადგილი დაათვალიერეს და აღმოაჩინეს „ბაიკალის“ სისტემის პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა, რომლებიც ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული ადრე არაერთხელ იყო ნასამართლევი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით — „პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ძალადობით ჩადენილი წინააღმდეგობა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება“.
დაკავებულს 2-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.