თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირმა ორშაბათს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები 2017 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა. სანქციების ვადა იანვრის ბოლოს იწურებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ევროკავშირის საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „2015 წლის 19 დეკემბერს ევროპული საბჭო შეთანხმდა, დაუკავშიროს სანქციების ხანგრძლივობა „მინსკის შეთანხმებების“ სრულ იმპლემენტაციას, რაც 2015 წლის 31 დეკემბრისთვის იყო გათვალისწინებული“.
„ევროპული საბჭოს სხდომაზე 15 დეკემბერს „მინსკის შეთანხმებების“ იმპლემენტაციის შეფასებისას ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა სანქციები კიდევ ექვსი თვით — 2017 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივეს“, — ნათქვამია კომუნიკეში.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წელს შემოიღო, იმავე წლის სექტემბერში კი მათი ჩამონათვალი გაფართოვდა.
შეზღუდვის ზომები ითვალისწინებს ემბარგოს ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში შეიარაღებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის შესახებ ახალ კონტრაქტებზე. სანქციების ქვეშ მოხვდნენ რუსული სახელმწიფო ბანკები და ნავთობის დარგი.
ზოგიერთი რუსული კომპანიისთვის შეზღუდულია ევროკავშირის კაპიტალის ბაზარი.
კრემლში აბსურდულად მიაჩნიათ დასავლეთის სანქციების დაკავშირება მინსკის შეთანხმებების რეალიზაციასთან, რადგან რუსეთი კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს. სანქციების საპასუხოდ რუსეთმა შეზღუდა კვების პროდუქტების იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც სანქციები დააწესეს. აკრძალვა შეეხო ხორცს, ძეხვს, თევზსა და ზღვის პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს, რძის ნაწარმს. 2015 წლის ივნისში სანქციების გაგრძელებას რუსეთმა ემბარგოს გახანგრძლივებით უპასუხა. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს სანქციების გაგრძელების ფონზე სასურსათო ემბარგოც 2017 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.