თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი დასავლეთს სანქციების გაუქმებას არ სთხოვს და არც მომავალში მოსთხოვს, მათ შორის არც კიევის ვალის რესტრუქტურიზაციის კონტექსტში, — განაცხადა რუსეთის მთავრობის მეთაურმა დმიტრი მედვედევმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა რუსეთს ვალის თაობაზე მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილოს დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის სანქციების გაუქმების ან ნაწილობრივ შემსუბუქების საკითხი, და თუ რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმებას მიაღწევენ, გახდება თუ არა ეს დასავლეთისთვის იმის საბაბი, რომ თუნდაც ნაწილობრივ მოუხსნას რუსეთს სანქციები, მედვედევმა უპასუხა: „ვერაფერს გიპასუხებთ, სანქციები ჩვენ არა, დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა დააწესეს“.
„რას გააკეთებენ, არ ვიცი. ჩვენ მათ არაფერს ვთხოვთ და ბუნებრივია, არც მომავალში მოვთხოვთ. ამას არანაირი აზრი არა აქვს. მოლაპარაკებები უკრაინასთან მოსკოვის წინაშე ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ იმიტომ მიმდინარეობს, რომ უკრაინა რუსეთის ახლობელი სახელმწიფოა, იქ რუსებისთვის ახლობელი ხალხი ცხოვრობს“, — აღნიშნა მედვედევმა.
მისი განცხადებით, რუსეთს უკრაინასთან ნამდვილად ძალზე აქტიური კავშირები ჰქონდა, „ამიტომ ვცდილობთ მათთან შეთანხმებას ამ კრედიტთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც უკრაინის სახელმწიფოს ოდესღაც ძალიან უნდოდა“.
„სანქციები ჩვენთვის ამ კრედიტს აბსოლუტურად არ უკავშირდება. თავად გაარკვიონ, როგორ მოიქცნენ, ჩვენ ამ თემაზე მათ არანაირ პირობებს არ ვთავაზობთ“, — დასძინა რუსეთის პრემიერმა.