ჟურნალისტის ცემის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „იბერია TV“-ს ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ამტკიცებს, რომ ის სამმა მამაკაცმა სცემა, ერთ-ერთი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „იბერია TV“-ს ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის ცემის საქმეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გასვიანმა პოლიციის განყოფილებას განცხადებით გუშინ მიმართა და აღნიშნა, რომ მას ბორჯომში სამი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, რომელთა შორის ერთი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი იყო. მომხდარის მიზეზები უცნობია. საქმის გამოძიება შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

„ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
მინისტრი: პოლიციელს ბრალის დამტკიცების შემდეგ დასჯიან

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით („ძალადობა“) დაიწყო. საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა პროკურატურას და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი („ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“), რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალისტის თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის საკუთარი ავტომობილით სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-სკენ გზის გაკვლევას ცდილობდა. ავტომობილი მოყინულ გზაზე მოცურდა. ის მანქანიდან გადმოვიდა, რა დროსაც მასთან სამი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც მისი ცემა დაიწყეს. სამთაგან ერთ-ერთი, რომელმაც პოლიციის თანამშრომლად წარადგინა თავი, ჟურნალისტს იარაღით დაემუქრა, რომ მომხდარი ფაქტი მეორე დღეს პოლიციაში არ გაემხილა.

მომხდარი ფაქტის გამოძიებისა და პოლიციელის დასჯისკენ შსს-ს, თავის მხრივ, ტელეკომპანია „იბერია TV“-მ მოუწოდა და თავის გადაცემაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მიიწვია, რათა მას პირდაპირ ეთერში ყველა იმ კითხვაზე გაეცა პასუხი, რომელიც გიორგი გასვიანის შესაძლო ცემის ფაქტს უკავშირდება.

მღებრიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ თუ პოლიციელის ბრალეულობა დადასტურდა, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

მომხდარს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც გამოეხმაურა. ამ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ მან განაცხადა, რომ გამოძიება მთავარმა პროკურატურამ უნდა ჩაატაროს.

ჟურნალისტ გიორგი გასვიანთან დაკავშირებული ინციდენტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესაც, რომელმაც სრულფასოვანი გამოძიების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0