თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 37 ათას ადამიანს არ გადააჭარბებს.
დადგენილებას 150–დან 99–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამგვარად, ქართული ჯარის პირადი შემადგენლობის რაოდენობა უცვლელი რჩება.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე შეიარაღებული ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.
ამჟამად საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საქართველოში იწვევენ 18-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ვადა 12 თვეა. გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება — გაზაფხულსა და შემოდგომაზე.