თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მხარი დაუჭირა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლევან იზორიას პოზიციას საშემოდგომო სამხედრო სავალდებულო გაწვევის ჩატარების თაობაზე, განაცხადა პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.
თინათინ ხიდაშელმა, თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროს, მიმდინარე წლის ივნისში ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ. ნოემბრის დასაწყისში იზორიამ განაცხადა, რომ ჯარში გაწვევა უნდა აღდგეს.
„საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია, შეიარაღებულ ძალებში პირადი შემადგენლობის ნაკლებობა გაჩნდეს. ამიტომ ამ ეტაპზე პრეზიდენტმა გაიაზიარა თავდაცვის მინისტრის მოსაზრება და გადაწყდა, რომ საშემოდგომო გაწვევა ძველი წესით გაიმართება იმ დრომდე, ვიდრე შემუშავდება ახალი ხედვა გაწვევის სტრატეგიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიშველაძემ.
ახალ სტრატეგიაზე, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში იმსჯელებენ, მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭოზე წარადგენენ და განიხილავენ თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილ მიმოხილვის დოკუმენტს 2017–2020 წლების თავდაცვითი სტრატეგიის შესახებ, აღნიშნა მიშველაძემ.
ამჟამად საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საქართველოში იწვევენ 18-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, ისინი არა შეიარაღებულ ძალებში, არამედ გასამხედროებულ სტრუქტურებში მსახურობენ. ხიდაშელის გადაწყვეტილება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეხებოდა.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ვადა 12 თვეა. გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება — გაზაფხულსა და შემოდგომაზე.