თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საპარლამენტო არჩევნების დასრულებას ელოდებოდა, რათა გაეუქმებინა ბრძანება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ, რადგან ეს საკითხი საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევდა, განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
თინათინ ხიდაშელმა ივნისში ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ.
მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ორშაბათს განაცხადა, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უნდა აღდგეს.
„როცა იზორია მინისტრად დანიშნეს, მან პირველივე წუთიდან იცოდა, რომ გააუქმებდა ჩემს ბრძანებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი (ხელისუფლება) დაელოდნენ არჩევნების დასრულებას. დასრულდა არჩევნები, „მორჩა კინო“ და ყველა რეალობას დაუბრუნდა“, — თქვა ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში.
თინა ხიდაშელი თვლის, რომ ქვეყანაში სავალდებულო გაწვევის გამო ახალგაზრდები, რომლებიც ძალით მიჰყავთ არმიაში, კარგავენ კარგი სამსახურის შოვნის და საკუთარი სოციალური პრობლემების გადაწყვეტის პერსპექტივას.
გარდა ამისა თავდაცვის ექს-მინისტრმა განაცხადა, რომ არმიაში მომხდარი სუიციდის დიდი ნაწილი სწორედ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებზე მოდის.
ამჟამად საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საქართველოში იწვევენ 18-დან 27 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, ისინი არა შეიარაღებულ ძალებში, არამედ გასამხედროებულ სტრუქტურებში მსახურობენ. ხიდაშელის გადაწყვეტილება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეხებოდა.
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ვადა 12 თვეა. გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება — გაზაფხულსა და შემოდგომაზე.