დღეს საქართველოში ბარბარობა აღინიშნება

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წმინდა ბარბარეს ხსენების - ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.  

ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.

ეკლესიაში დანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
ბარბარობის დღესასწაულზე მახათას მთაზე ტაძრამდე უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის. ბარბარობაზე საზეიმო წირვას ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ესწრება.

ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ.

რაც შეეხება ლობიანის გამოცხობის ტრადიციას, ეს წარმართული ადათიდან მოდის და მას წმინდა ბარბარესთან არანაირი კავშირი არა აქვს. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას, ქალღმერთ ბარბალეს. მის პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. გაიგივების გამო წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს. 

რადგან  წმინდა ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური ადათი ქრისტიანულ ჭრილში გადავიდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით, როდესაც საქართველოში ლობიო გავრცელდა, ღვეზელის შემადგენლობაში მან დაიმკვიდრა ადგილი. 

საქართველოში წმინდა ბარბარეს ოდითგან სცემენ თაყვანს. მხოლოდ თბილისში მისი სახელობის ოთხი ეკლესიაა, რომელთაგან ერთ–ერთი მერვე საუკუნისაა. 


ყველა ახალი ამბავი
0