შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთში ქვეყნის პრეზიდენტსა და პოლიციის უფროსს შეხვდა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შს მინისტრის შეხვედრებზე სერჟ სარქისიანთან და ვლადიმირ გასპარიანთან საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სომხეთში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანსა და პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ გასპარიანს შეხვდა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, აღნიშნულია საქართველოს შსს–ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - Sputnik საქართველო
საქართველომ და სომხეთმა საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ისევ დააყენეს

ქართველმა მინისტრმა სომეხ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება. 

შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და სომხეთის შს სამინისტროებს შორის უკვე გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ქართველი და სომეხი სამართალდამცველების  თანამშრომლობას.

პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია იყო. მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იგი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.

სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმირ გასპარიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ".

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.

დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლის მანძილზე საქართველომ და სომხეთმა  საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტი გააფორმეს ვაჭრობის, მწარმოებლების საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0