ხელოვანი ქალბატონი თელავში ცხოვრობს. მარტოხელა მოხუცის შემოქმედება საუცხოო და განსხვავებულია. იგი ნახატებს შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით, ცემენტის და ქვიშის გამოყენებით ქმნის. ქალბატონმა ელენემ მთელი ცოვრების განმავლობაში ასობით ნამუშევარი შექმნა. სასურველ მასალებს ძირითადად თელავის ქუჩებში აგროვებს.
ქალბატონი ელენეს ცხოვრების ისტორია ძალიან საინტერესო და სევდიანია. თითოეულ მის ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს და რაღაც ამბავს გვიყვება.
ხატვის ამ განსხვავებულ ხერხს ბავშვობაში მაიგნო და დაეუფლა. მის ოჯახს ფანქრების და საღებავების ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. დიდი ხანი ფიქრობდა ხატვას მოწყურებული ბავშვი, როგორ გაეცოცხლებინა ნახატში თავისი ჩანაფიქრი, ხედვა, ფანტაზია ისე, რომ ფანქრები არ დასჭირვებოდა. ბოლოს გადაწყვიტა ფერადი ქვები შეეგროვებინა და ისე აეწყო ულამაზესი ორნამენტები. წლებთან ერთად გამოცდილება დაუგროვდა. დღეს მისი საოცარი მანუშევრები გულგრილს არავის ტოვებს.
„ბავშვობაში საღებავები და ფანქრები არ მქონდა. ვფიქრობდი, რითი დამეხატა, რომ საღებავი არ დამჭირვებოდა. დავიწყე კენჭების შეგროვება და ნამუშევრების შექმნა. შემდეგ მივადექი ჭურჭლის ნამტვრევებს და ასე შეიქმნა ჩემი ბედნიერება“- ამბობს ელენე ლუხუტაშვილი.
მისი პირველი ნამუშევარი „მამლაყინწა“ იყო, რომელიც პატარა ელენემ მეზობლის სახლის დაშლილი სახურავის ნარჩენებით შექმნა.
ქალბატონი ელენე პატარა იყო, როცა და-ძმა დაეღუპა, მოგვიანებით კი ლოგინად ჩავარდნილი დედა მამამ მიატოვა, მისი მოვლა-პატრონობა კი პატარა ელენეს უწევდა. იმდენად რთული და მიმე ცხოვრება ჰქონდა, რომ პური პირველად 15 წლის ასაკში შეიძინა, როცა პირველი ხელფასი აიღო.
დღეს ქაბატონი ელენე სახლში ხუთასამდე ნამუშევარს ინახავს, არც გასაყიდად და არც გასაჩუქებლად არ ემეტება. როგორც თვითონ ამბობს, ეს გალერეა მისი საყვარელი თელავის საკუთებაა.
ნიუ–იორკში მყოფი ქართველი ემიგრანტების – ცისნამი საყვარლიშვილის, მარინა ორჯონიკიძის და ჯულიე შარის ინიციატივითა და თეონა ჭელიძის ორგანიზებით, 16 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც მისი ორმოცამდე ნამუშევარი წარმოადგინეს.
ემოციური და ამაღელვებელი იყო ქალბატონი ელენეს გამოსვლა დამსწრე საზოგადოების წინაშე, იგი სიხარულისა და ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებდა.
„ბედნიერი ქალი ვარ, უბედნიერესი… საზოგადოებაში თუ არ ხარ ადამიანი, მაშ შენ არაფერიც არა ყოფილხარ. დიდი მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისა და სითბოსთვის“, — განუცხადა მოწვეულ სტუმრებს ქაბატონმა ელენემ.
ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 17 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.