თბილისი, 16 დეკემბერი –Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებებს იხილავს, რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობის გამკაცრებას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
შესწორებების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის, სასჯელის მაქსიმალური ზომა, ორი წლით იზრდება და შვიდ წელს შეადგენს, სასჯელის მინიმალური ვადა კი სამის ნაცვლად ოთხი წელი გახდება.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, შესწორებების მიღების შემდეგ, სასჯელის ზომა სამიდან ექვს წლამდე გაიზრდება. ამჟამად სასჯელი თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის, სასჯელის ზომა უცვლელი რჩება — თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლამდე ვადით.
სანადირო თოფებისა და სპორტული იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის გამოც სასჯელის გამკაცრება იგეგმება. ამჯერად სასჯელის ზომად გათვალისწინებული იქნება ჯარიმა, გამოსასწორებელ სამუშაოები, თავისუფლების შეზღუდვა ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედ ვერსიაში, ამ დანაშაულზე გათვალისწინებულია სასჯელის ზომად ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით.
პროექტის ავტორმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრება იმით ახსნა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის არსებობა ადამიანს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ უბიძგებს და არსებულ გამოწვევებზე პასუხს წარმოადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოში 577 დანაშაული დაფიქსირდა, რომელიც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და ტარებას უკავშირდება.