თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თბილისში ნიკოლოზ თ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა სამი პისტოლეტი, ავტომატი, თოფი და 145 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, — იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„სამართალდამცველებმა, ნიკოლოზ თ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „სტეჩკინ-ნეუგოდოვის“ კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური პისტოლეტი, „პე-ეს-ემ“-ის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „არმინიუსის“ მოდელის არარეგისტრირებული რევოლვერი, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ტოზ ბე-ემ“-ის მოდელის ორლულიანი სანადირო თოფი, 2 მაყუჩი, „ერ-გე-დე 5“-ის ტიპის 1 ცალი მსხვრევადი ხელყუმბარა, 1 ცალი ელექტროდეტონატორი, ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება, ქარხნული წესით დამზადებული 2 ცალი ხიშტ-დანა და 145 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“, — წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.