თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში 1971 წელს დაბადებული ზაალ ჭ. დააკავეს, იუწყება ოთხშაბათს, 2 დეკემბერს საქართველოს შსს–ს პრესსამსახური.
„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 128 საბრძოლო ვაზნა, „ნაგანის“ ტიპის უნომრო რევოლვერი მაყუჩით, „ტანფოლიოს“ და „პარაბელუმის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, 5 მჭიდი და 2 საცემელი (ნემსა) ამოიღეს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.