თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საელჩო უკრაინაში კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მომხდარი ინციდენტის შესწავლას შეუდგა. ინციდენტის დროს ერთ-ერთ ქართველს სტუდენტს ორი ნეკნი გაუტეხეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. მიზეზი საერთო საცხოვრებლის მცველთან ერთ-ერთი სტუდენტის სიტყვიერი შელაპარაკება გახდა. როგორც სტუდენტები აცხადებენ, მცველმა მოგვიანებით სპეცრაზმი გამოიძახა.
„ჩხუბს ჰქონდა ადგილი, მაგრამ არ მინდა დეტალებს ჩავუღრმავდე. დაცვამ სთხოვა მათ, არ ეხმაურათ. ამას მოჰყვა გარჩევები, რომელშიც სხვა სტუდენტებიც ჩაერთვნენ. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. როდესაც ჩხუბი ატყდა და ადგილობრივი დაცვა ვერ აკონტროლებდა სიტუაციას, გამოიძახეს პოლიცია. ახლა პოლიცია იქ იმყოფება, კონსული იქ არის, ჩემი დესპანი, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, მიემართება ადგილზე და სრული სურათი როცა გვექნება, ინფორმაციას მოგაწვდით“, — განაცხადა საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ.
ერთ-ერთმა სტუდენტმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მომხდარს კომენტარით გამოეხმაურა კომპანია „კავკასიის ევროპული უნივერსიტეტის“ დირექტორი ზვიად ფოფხაძე, რომელმაც სტუდენტები კიევში სასწავლებლად გაუშვა. მისი თქმით, ექვსი სტუდენტი სცემეს. ის, რომელსაც ორი ნეკნი აქვს გატეხილი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის ის უკვე გამოწერილია კლინიკიდან.
„ისინი საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ სართულზე იმყოფებოდნენ. მცველმა მათ ოთახში შესვლა სთხოვა. ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, რომ მალე შევიდოდა და მას ხელი გაუწოდა, მაგრამ მცველმა ხელი არ ჩამოართვა. მან სცადა მცველისთვის აეხსნა, რომ საქართველოში ხელის ჩამორთმევაა მიღებული. მცველმა მაინც არ ჩამოართვა ხელი. ქართველმა სტუდენტმა მას ხელი ჰკრა. ამის მერე დაიწყო ყველაფერი“, — განუცხადა ფოფხაძემ საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“.
კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად 82 ქართველი სტუდენტი სწავლობს. ისინი საქართველოდან კიევში სასწავლებლად კომპანია „კავკასიის ევროპულმა უნივერსიტეტმა“ გაგზავნა. სტუდენტები უკრაინაში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან იმყოფებიან.