თბილისი, 16 დეკემბერი— Sputnik. 2017 წელს პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი დაიწყება, რომლის ფარგლებში ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა იგეგმება.
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილებოდა. ბიუჯეტის შემოსულობები და ასიგნებები 801,3 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის შემოსავალი 734,9 მილიონ ლარს შეადგენს, ხარჯები კი 563,5 მილიონ ლარს.
„მიუხედავად შემცირებული ასიგნებებისა, ჩვენ წლის დასაწყისში ველოდებით დამატებით თანხებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით დაახლოებით 15 მლნ ლარს, რაც დაემატება ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას და „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის წარმატებით განხორციელებას შევძლებთ“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროექტის ფარგლებში გაგრძელდება ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია. ამასთან, იგეგმება აღმაშენებლის გამზირზე ისტორიული ბაღების რეაბილიტაცია და ერთმანეთთან დაკავშირება.
თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა თებერვალში მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“ დაიწყო, რომელიც თბილისის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ-სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების შექმნას ითვალისწინებს.
„ახალი ტფილისის“ პირველ ეტაპზე აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახე 47 ისტორიულ შენობას დაუბრუნდა, მათ შორის 38-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგენილია შენობების სახურავები, ჩატარდა შენობების გამაგრებითი სამუშაოები, აღდგენილია ფასადების აუთენტური სახე და მათზე არსებული ისტორიული ორნამენტები. აღმაშენებლის გამზირის ნაწილი საფეხმავლო გახდა.
პროექტის „ახალი ტფილისის“ განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარია დახარჯული.