თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისში სამი წლის ბავშვს ხელში ე.წ. ხლაპუშკა აუფეთქდა, რის შედეგადაც მძიმე დამწვრობა მიიღო. დაზარალებული ბავშვი იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრში მიიყვანეს, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
„ბავშვი გუშინ შემოიყვანეს. პატარას მარჯვენა მტევანზე დამწვრობა და ჭრილობები აღენიშნებოდა. ჩავუტარეთ სამედიცინო დახმარება. რაც მთავარია, მტევანი შეუნარჩუნდა. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგან, როგორც წესი, 25 დეკემბრიდან იწყება ხოლმე მსგავსი ტრავმიანობის გახშირება“, – განაცხადა „sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას კლინიკის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს სპეციალურ განცხადებას და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ სადღესასწაულო ასაფეთქებელ საშუალებებს, გამოიყენონ ისინი ინსტრუქციის მიხედვით და მოარიდონ პიროტექნიკას არასრულწლოვანი პირები, რადგან აღნიშნული საშუალებების არასწორად გამოყენება ხშირად სავალალო შედეგებით — ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სრულდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წინასაახალწლოდ ე.წ. ხლაპუშკების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება. ამ პერიოდში ქართული ბაზარი სავსეა უამრავი სახეობის პიროტექნიკით, მისი რეალიზაციის პროცესს კი არავინ აკონტროლებს.