თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 10,8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე), რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
2016 წლის 11 თვის მონაცემებით, ექსპორტმა 1,9 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 5%-ით ნაკლებია 2015 წლის იანვრ-ნოემბრის მაჩვენებელზე, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
ბოლო თვეებში ქვეყანაში გამოიკვეთა ექსპორტის მოცულობის დაცემის შემცირების ტემპი. ეს გამოწვეულია საქართველოს ეკონომიკაზე გარე შოკების გავლენის შემცირებით, რაც შედეგად საგადამხდელო ბალანსს აუმჯობესებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უჭირავს ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომანქანებს, ჯართს, დამუშავებულ და ნახევრადდამუშავებულ ოქროს, თხილსა და კაკალს.
წლის დასაწყისიდან იმპორტმა 8,9 მილიარდი დოლარი შედგინა, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უჭირავს ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე ხორბალს, ელექტროტრანსფორმატორებსა და სამკურნალო საშუალებებს.
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 65%-ია.