საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ მსოფლიოს 50 ქვეყანაში ცხრა თვის განმავლობაში 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 38,4 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა.

თბილისი, 9 ნოემბერი— Sputnik. რუსეთი ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერია — იანვარ-ოქტომბრის თვის პერიოდში რუსეთში 20,5 მილიონ ბოთლზე მეტი შევიდა, რაც 40%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სულ საქართველომ 2016 წლის დასაწყისიდან ექსპორტზე გაიტანა 38,4 მილიონ ბოთლზე (0,75 ლ) მეტი ღვინო, რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 88,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. 

ბენზინი, გასამართი სადგური - Sputnik საქართველო
რუსეთში საწვავზე აქციზის ზრდა საქართველოში ბენზინის ფასზე არ იმოქმედებს

ქართული ღვინის იმპორტიორი ქვეყნების სიაში მეორე ადგილზეა ჩინეთი (4,3 მილიონ ბოთლზე მეტი). ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 138% შეადგინა. ცხრა თვის მონაცემებით, უკრაინა, სადაც 4,2 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი მოხდა, მესამე ადგილზეა. უკრაინაში ექსპორტის ზრდამ 64% შეადგინა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან ასევე ყაზახეთი — 3 მილიონ ბოთლზე მეტი და პოლონეთი — 1,8 მილიონ ბოთლზე მეტი. ცხრა თვის პერიოდში ყაზახეთში ექსპორტი 24,6%-ით შემცირდა, ხოლო პოლონეთში 44%-ით გაიზარდა.

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება — საანგარიშო პერიოდში ექსპორტი გაიზარდა ყირგიზეთში 17%-ით, ბელარუსში — 57%-ით, ესტონეთში – 33%-ით, დიდ ბრიტანეთში — 47%-ით, იაპონიაში — 12%-ით, აშშ-ში — 12%-ით და ა.შ.

ამასთან ერთად, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7,1 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 16,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 15%-ს აღწევს.

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 148,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 28,2%-ით მეტია გასული წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღვინის ექსპორტი 2012 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით 187%-ით, ხოლო ბრენდის — 51%-ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0