თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. 2020 წლისთვის საქართველოს 8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეყოლება, ხოლო 2025 წლისთვის — 11 მილიონი. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის შესრულებასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ამ მიზნით იგეგმება ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა. მათ შორის, განხორციელდება ინვესტიციები ტურიზმის ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაში, აგრეთვე, დაფინანსდება პროგრამები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ცნობადობის გაზრდისკენ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მიმზიდველი უნდა გახდეს როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტებისთვის, რათა მათთვის საქართველოში მოგზაურობა იოლი გახდეს.
„საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია — 2025“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პროექტია, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდება. სტრატეგიის მიზანი საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
აღნიშნული „სტრატეგიის“ თანახმად, 2025 წლისთვის საქართველო იქნება ცნობილი როგორც წამყვანი ტურისტული ქვეყანა, რომელსაც წლის ნებისმიერ დროს მსოფლიო დონის სერვისი ექნება.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას, რაც მთლიანი შიდა პროდუქტში აისახება, ამჟამინდელი 1,8 მილიონი ლარიდან 5,5 მილიონ ლარამდე.