თბილისი, 15 დეკემბერი— Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებს მოუწოდებს, სიცხიანი ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ადრე განაცხადა, თუ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გამოუცხადებლობა 40%-ს გადააჭარბებს, ასეთი დაწესებულება 3 დღის განმავლობაში დაიკეტება. ამავე დროს მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გრიპის ეპიდემია არ არსებობს. დღეის მდგომარეობით ყოველ 100 ათას მოსახლეზე 254 დაავადებული ადამიანია.
„განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდნენ ბავშვები და ის ადამიანები, ვისაც დაბალი იმუნური სისტემა აქვს. ეს ინფორმაცია, რაც მე ახლა გავაჟღერე, უნდა გაჟღერდეს სკოლებშიც. მოვუწოდებ მშობლებს, რომ სიცხიანი ბავშვი არ გაუშვან სკოლაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
გრიპის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 4 დღემდე გრძელდება, განაცხადა გამყრელიძემ და სკოლების ადმინისტრაციას შენობის ხშირი დეზინფექციისკენ მოუწოდა.
“ქვეყანაში საკმაოდ არის მედიკამენტების მარაგი. თუ შეატყობთ, რომ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, აუცილებლად უნდა დარჩეთ სახლში და მიიღოთ მედიკამენტები. თუ ამას არ ექნა შედეგი, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატის მიღება“,-აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, სამკურნალო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელმა იმატა.
„რთული შემთხვევები არ არის მომატებული, თუმცა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა 16%-ით მომატებულია… გრიპის პროფილაქტიკისთვის საუკეთესო მეთოდი გახლავთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“,- აღნიშნა გამყრელიძემ.
დასასრულს მან დაამატა, რომ დღეისთვის საქართველოში გრიპის ვირუსის 46 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.