თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება უნდა იყოს, განაცხადა „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა გვჭირდება. ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აუცილებლად უნდა ჩავიდეს მოსკოვში და რუსეთის მაღალჩინოსნებს, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს“, – თვლის არჩილ ჭყოიძე.
2008 წლის აგვისტოში საქართველომ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
„რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ოკუპაციას არ ვაღიარებთ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, და იქ დღეს დგას რუსეთის ჯარები საქართველოს ხელისუფლების და ხალხის ნების წინააღმდეგ. მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ უნდა მოხდეს დეოკუპაცია? აი, ამიტომ არის აუცილებელი დიპლომატია“, – აღნიშნა ჭყოიძემ.
მისი თქმით, თუ საქართველო რუსეთთან ურთიერთობებს დაძაბავს, შეიძლება საფრთხე არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, არამედ სხვა ტერიტორიებსაც დაემუქროს.
„რუსეთმა შეიძლება ჩვენ გაცილებით მეტი ზიანი მოგვიტანოს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მივაყენოთ მას. ამიტომ საჭიროა დიპლომატია, მით უმეტეს, როცა ვართ იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავდა შოთა რუსთაველი. რუსთაველმა თქვა, გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო“, – აღნიშნა „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა.