თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის ძირითად შემოსავლებსა და გასავლებს განსაზღვრავს.
ბიუჯეტის პროექტს მხარი 150-დან 102-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ოპოზიციურმა ფრაქციებმა უარი თქვეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ვინაიდან მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული მთავარი ფინანსური დოკუმენტი, მათი აზრით, არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.
თუმცა ამან „ქართულ ოცნებას“ მაინც ვერ შეუშალა ხელი ბიუჯეტის დამტკიცებაში, ვინაიდან პარლამენტში მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობითაა წარმოდგენილი.
საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი გათვლილია კურსით 1 აშშ დოლარი/2,5 ლარი.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვები მომავალ წელს 11 მილიარდ 457 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 1,3 მილიარდით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ასევე გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლებიც — 9 მილიარდ 489 მილიონი ლარით, რაც 934,5 მილიონი ლარით მეტია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
რაც შეეხება ასიგნირებას, 2017 წელს ის 11 მილიარდ 415 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 1,3 მილიარდი ლარით აღემატებს გასული წლის მაჩვენებელს.
გასულ წელთან შედარებით გაიზრდება გასავლებიც — 577 მილიონი ლარით.
ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
პოლემიკა განსაკუთრებით გაამწვავა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნამ. ბიუჯეტის პროექტის განხილვის მომენტში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის დოლართან მიმართებით ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა: 2,6604 GEL/$1, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია.