თბილისი, 14 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანმა და ოკლენდის (კალიფორნია) „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს რეგულარული პირველობის ზედიზედ უკვე მესამე მატჩი გამოტოვა.
რამდენიმე დღის წინ ფაჩულიამ მარჯვენა მაჯის ტრავმა მიიღო, რაც მას მოედანზე გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.
„გოლდენ სტეიტის“ სამედიცინო შტაბის განცხადებით, ოკლენდში დაბრუნებისას ფაჩულიას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი.
ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის არყოფნის პერიოდში „უორიორზმა“ სამი მატჩიდან ორი მოიგო და ერთი წააგო. ამ დროისთვის კალიფორნიული გუნდი „დასავლეთ კონფერენციაში“ დამაჯერებლად ლიდერობს.
ზაზა ფაჩულია „უორიორზის“ შემადგენლობაში მიმდინარე წლის ივლისში „დალას მავერიქსიდან“ გადავიდა. 32 წლის ქართველ კალათბურთელსა და „უორიორზს“ შორის კონტრაქტი ერთი სეზონით გაფორმდა, გარიგების თანხამ კი 2,9 მილიონი დოლარი შეადგინა.