დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში სახლები დაანგრია

გამოწერა
დიდთოვლობამ მელაძეების და ჯაყელების სახლები ჩამოანგრია, რის შედეგად ორივე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

თბილისი, 14 დეკემბერი— Sputnik. მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობა მოსახლეობას უკვე რამდენიმე დღეა პრობლემებს უქმნის. დიდთოვლობის გამო ხულოში უსახლკაროდ დარჩა ორი ოჯახი, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

თოვლის სიმძიმის გამო მთლიანად დაინგრა მელაძეების სახლი.  ჭერი ჩამოინგრა ჯაყელების სახლშიც. საბედნიეროდ, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ამ დროს ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ. ისინი ნათესავებთან აფარებდნენ თავს.

თოვლი ხულოში - Sputnik საქართველო
დიდთოვლობა აჭარაში: ხულოსა და შუახევის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

უსახლკაროდ დარჩენილები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. მათ ხელთ აქვთ გეოლოგიური დასკვნები, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.  იმის გამო, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნდათ, ამ დრომდე სახლებს ვერ ტოვებდნენ.

"სახლი იყო ავარიულ მდგომარეობაში… მთავრობა გვპირდებოდა, რომ დაგვაკმაყოფილებდნენ, ახლა მოვითხოვთ საცხოვრებელ ფართს“, – განაცხადა დაზარალებულმა ზაზა მელაძემ.

ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ მათთვის ცნობილია, ისინი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხს ელოდებიან, სადაც შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები უკვე გადააგზავნეს.

მეწყერსაშიშროებაა შუახევსა და ქედაშიც. შუახევში ნგრევის საშიშროების გამო ერთი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გახიზნეს.

ყველა ახალი ამბავი
0