თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღეს ქალთა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განაცხადა, რჩეულიშვილს უკვე ჩაუტარდა პირველადი გამოკვლევები, თუმცა საბოლოო დიაგნოზისთვის ექიმებმა მისი სტაციონარში გადაყვანა გადაწყვიტეს.
„ქალბატონმა მაიამ წონაში სწრაფი დაკლება დაიწყო, რაც არ არის ნორმალური მის ასაკში. ამან გამოიწვია ეჭვი ექიმებისა, რის გამოც მას ადგილზევე ჩაუტარდა გამოკვლევა. გამოკვლევამ ვერ აჩვენა კარგი შედეგი… როდესაც სამოქალაქო საავადმყოფოში მოხდება გამოკვლევა და საბოლოო შედეგი გვექნება, მერე გვეტყვიან დიაგნოზს“, — განაცხადა ადვოკატმა.
სამართალდამცველებმა მაია რჩეულიშვილი და მისი ვაჟი, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი ივლისში დააკავეს.
საქართველოს პროკურატურა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობას მენაშენეთა კუთვნილი 20 მილიონამდე აშშ დოლარის გაფლანგვაში სდებს ბრალს.
„ცენტრ–პოინტ ჯგუფი“ 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები არიან დები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნით.
„ცენტრ–პოინტი“ სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.