– ბატონო მამუკა, სტამბულის ტრაგედიით დავიწყოთ. ამ ტერაქტებს ბოლო არ უჩანს, როგორია საერთაშორისო რეზონანსი და უახლოეს პერსპექტივაში რას უნდა ველოდოთ?
— ტერაქტები გაგრძელდება მანამ, სანამ იქნება დაპირისპირებული მხარეები. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ქურთულმა დაჯგუფებამ. ეს თურქეთის შიდა პრობლემაა და, ამდენად, საქართველოსთვის საფრთხის შემცველი არაა. თუმცა სახიფათოა ის მოვლენები, რომლებიც სირიის ფრონტზე ვითარდება. ხალიფატის არმიამ რამდენიმე მარცხი განიცადა, ბოლოს – ალეპოსთან. არ არის გამორიცხული, რომ შემდგომი დამარცხებების შემდეგ მისი მებრძოლებისთვის სამოქმედო არეალად იქცეს ევროპა, კავკასია…
– ახლო აღმოსავლეთი ახსენეთ, იქ რამდენიმე დიდი ქვეყნის ინტერესები იკვეთება… ხომ არ შეიცვლება ამერიკის სტრატეგია ახალი პრეზიდენტის მოსვლით და აქვს თუ არა ამ ომს დასასრული?
— ამერიკის პრეზიდენტის ცვლილებით ამერიკის პოლიტიკა არ იცვლება, ეს აქსიომაა. რაც შეეხება ინტერესებს — მართალია. საომარ მდგომარეობაში პირდაპირ არიან ჩართული ხსენებული ამერიკა, რუსეთი, სირია და თურქეთი, თავისთავად – ხალიფატი. ირიბად ახლო აღმოსავლურ კონფლიქტთან შეხება აქვთ აგრეთვე არაბულ სამყაროს, ისრაელს, ირანს და ევროპას. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ: საომარი მოქმედებები დიდხანს გაგრძელდება, რადგან ეს გახლავთ, პრაქტიკულად, მოუგვარებადი კონფლიქტი, იმდენად, რამდენადაც ყველასთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა თითქმის შეუძლებელია. არც ერთი მხარე არ დათმობს, ასე რომ, მსხვერპლი კვლავ დიდი იქნება. რა თქმა უნდა, ხალიფატი დამარცხდება და მაშინ გაჩნდება სწორედ ის საშიშროება, რაზეც თავში მოგახსენეთ. კავკასიის რეგიონი, შესაძლოა, იქცეს ახალ სირიად.
– დასასრულისკენ მიდის ვიზალიბერალიზაციის საკითხი, რატომ გაიწელა დროში ეს პროცესი?
— ვიზალიბერალიზაციის საკითხი ფინიშამდე მივა, მაგრამ მთავარია, ფინიში როგორი იქნება. მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ის, რაც ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხდება, არ არის ჩვეულებრივი საკითხი. აქ პოლიტიკურ ელიტებს შორის ბრძოლა პრინციპების გამო მიმდინარეობს.
მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ისინი ქართველებისა და უკრაინელებისთვის კი არ აამოქმედებენ უვიზო მიმოსვლას, არამედ თავიანთი პრინციპების გამო აკეთებენ ამას. სწორედ ამ ბრძოლას ეწირება ვადები, თუ როდის მიიღებს ეს ორი ქვეყანა აღნიშნულ რეგულაციას.
ვფიქრობ, ახალი წლისთვის ეს ამბავი დამთავრდება, რადგან ევროპა კარგად ხედავს, როგორ ეცლება ხელიდან მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთი ნაწილი. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს გადაწყვეტილება მან არ მიიღო, ხელიდან გამოცლილთა რიცხვს კიდევ ორი ქვეყანა — საქართველო და უკრაინაც შეემატება. ეს კი ევროპას არ აწყობს.
თენგიზ ჩოჩუა