თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. რუსი ისტორიკოსის, პოლიტოლოგის, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის პრორექტორის ევგენი კოჟოკინის დოკუმენტური სურათის „რუსები და ქართველები“ ქართული პრემიერა თბილისში 18 დეკემბერს გაიმართება.
2015-16 წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი რუსების საქართველოში და ქართველების რუსეთში ცხოვრებაზე, ორი ხალხის მენტალიტეტის მსგავსებასა და განსხვავებებზე მოგვითხრობს.
კადრში საკუთარ ისტორიებს გვიყვებიან გმირები, რომლებიც სარკისებურ წყვილებს ქმნიან: რუსი მხატვარი საქართველოში და ქართველი მხატვარი რუსეთში, მეზობელ ქვეყნებში მომუშავე ორი დიზაინერი, რუსული ენის მასწავლებელი თბილისში და ქართული ენის მასწავლებელი — მოსკოვში, ასევე ქართველი და რუსი სკოლის მოსწავლეები და სხვა.
გარდა ამისა, კოჟოკინის ფილმში შესულია ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილის აზრები საქართველოს განვითარების შესახებ, მისი გამონათქვამების ჩანაწერები და მოგონებები მასზე. ისე, რომ არ ირღვევა სიუჟეტის სიმეტრია, სურათში ჩნდება რუსეთის ყოფილი სახალხო დამცველი და მამარდაშვილის მეგობარი ვლადიმირ ლუკინიც, რომელიც მამარდაშვილს „XX საუკუნის ფილოსოფოსს“ უწოდებს და მასთან მეგობრობაზე საუბრობს.
სცენარის თანაავტორია ევგენი კოჟოკინის ქალიშვილი იანა რაისკაია.
ფილმი „რუსები და ქართველები“ ფონდ „რუსკი მირისა“ და რუსეთის სცენარისტების გილდიის მხარდაჭერით გადაიღეს. ფილმის საკლუბო ჩვენებები უკვე გაიმართა მოსკოვში, ნიჟეგოროდსკის ოლქში, პრაღასა და ვარნაში.
ქართველი მაყურებელი დოკუმენტურ ფილმს გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში 18 დეკემბერს, 19:00 საათზე იხილავს. ჩვენების მხარდამჭერია კავშირი „რუსკი კლუბი“.