თბილისი, 9 დეკემბერი— Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ჩამოყალიბებული ფრაქციების რაოდენობა, შესაძლოა, ორიდან ხუთამდე გაიზარდოს, განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მეცხრე მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას 18 ნოემბერს შეუდგა.
„უახლოეს პერიოდში უმრავლესობის ფარგლებში კიდევ მინიმუმ სამი ფრაქცია შეიქმნება, რაც, ვფიქრობ, უფრო მეტ ინტერესს და დინამიკას შესძენს პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ეს არ უკავშირდება რაიმე ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდას ან დამატებით სირთულეებს, ბიუროკრატიულს თუნდაც. ეს არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი“, — აღნიშნა თალაკვაძემ.
ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში ორი ფრაქცია აქვს — „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება — მრეწველები“. ამ ფრაქციებს სათავეში, შესაბამისად, მამუკა მდინარაძე და სიმონ ნოზაძე უდგანან.
ასევე ორი ფრაქციით არის წარმოდგენილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმძღვანელობს ნიკა მელია, ხოლო ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის“ — ელენე ხოშტარია.
კიდევ ერთი ფრაქცია შექმნეს გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა. ფრაქციას „საქართველოს პატრიოტები“ გიორგი ლომია ხელმძღვანელობს.