თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში მრჩევლად თედო ჯაფარიძე დანიშნა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი იყო.
შესაბამისი ბრძანება კვირიკაშვილის ხელმოწერით საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
თედო ჯაფარიძე 1946 წლის 18 სექტემბერს დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, არის მეცნიერებათა კანდიდატი.
სხვადახვა დროს ჯაფარიძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1989-1990); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი (1990-1991); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსი (1991); საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (1991-1992) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე (1992).
ჯაფარიძე ასევე იყო საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე (1992-1994); საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში (1994-2002); საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი (2003); საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (2003-2004).
წინა მოწვევის პარლამენტში ჯაფარიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში (PA BSEC) ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
ჯაფარიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო. ჯაფარიძე ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი იყო.