თბილისი, 9 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარასკევს გამართულ მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების 2017-2027 წლების გეგმა დაამტკიცა.
გეგმა ელექტროგადამცემი ქსელის სერიოზულ მოდერნიზაციას ითვალისწინებს, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მიიღებენ, მათ შორის გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD) და მსოფლიო ბანკი. ქსელის მოდერნიზაციისათვის უახლოესი ათი წლის მანძილზე 735 მლნ ევროს ინვესტიცია მოიზიდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„ამ ინვესტიციის შედეგად, შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგოსისტემის ეფექტურობის გაზრდა, ექსპორტის და იმპორტის მნიშვნელოვანი ტექნიკური გაუმჯობესება, რაც რეგიონულ ქსელებში საქართველოს ინტეგრირებას რამდენჯერმე გააუმჯობესებს“, — განაცხადა პრემიერმა.
ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რათა საქართველოში გენერაციის ობიექტებისთვის მოსაზიდი ინვესტიციები წახალისდეს, ხაზი გაუსვა კვირიკაშვილმა.