თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. გულის შეტევით რუსეთის მოქალაქე, ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა ფასანაურთან, სადაც საქართველოს სამხედრო გზაზე გართულებული მოძრაობის გამო დიდი რაოდენობით ავტომანქანებია თავმოყრილი, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო ტრანსპოტის მოძრაობაზე შეზღუდვებია დაწესებული. ამასთან დაკავშირებით საზღვართან უამრავმა სატვირთო ავტომანქანამ მოიყარა თავი.
„6 დეკემბერს რუსეთის მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა, რომელიც გადაყვანილია ექსპერტიზის ბიუროში. ჩემთვის მხოლოდ ეს არის ცნობილი“, — განაცხადა სეთურიძემ.
მან აღნიშნა, რომ გზებზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ზვავსაშიშროების გამო ეს პროცესი პერიოდულად ჩერდება.
გზებზე გაჩერებული მძღოლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
„მეათე დღეა 3000-მდე მანქანაა გაჩერებული. არ გვაქვს საჭმელი, ფული გვითავდება. ადგილობრივები პროდუქტებს ძალიან ძვირად ყიდიან. პოლიცია არ გვატარებს, რადგან გზა გაწმენდილი არ არის“, — განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა ალექსანდრ მაქსიმოვმა.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი-ზემო ლარსი“ საქართველო-რუსეთის ერთადერთი სახმელეთო გზა გადის, რომლითაც სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ.