თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თოვლისა და ლიპყინულის გამო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეყნის ზოგიერთ მაგისტრალზე სპეციალური შეზღუდვები დააწესა.
ხაშური-ახალციხე-ვალეს ავტომაგისტრალის 1–50 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 27–193 კმ მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 1-106 კმ მონაკვეთზე.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ მონკვეთზე ლიპყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 71-188 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-60 კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 87-106 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.