თბილისი, 8 დეკემბერი– Sputnik. მთის კურორტებზე სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 10 დეკემბერს გაიხსნება.
შაბათიდან ტურისტებს გუდაური, ბაკურიანი (დიდბელის ტრასა), გოდერძი და სვანეთი (ჰაწვალის ტრასა) მიიღებენ, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას" მთის კურორტების განვითარების სააგენტოში.
რაც შეეხება კურორტ თეთნულდს, სათხილამურო სეზონი იქ 24 დეკემბერს გაიხსნება, კოხტა-მიტარბზე კი – 25 დეკემბერს.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე კურორტზე შესაძლებელია ერთი აბონემენტით სრიალი. აბონემენტზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ონლაინ–რეჟიმში საიტზე multi.ski.
2016 წელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე პირველად ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო — 3 საბაგირო თეთნულდზე, 3 საბაგირო მიტარბში (ბაკურიანი) და 3 ახალი საბაგირო შეემატა კურორტ გუდაურს.
მიტარბის სათხილამურო ტრასა 30-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მიიღებს ტურისტებს. აღდგენითი სამუშაოები სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით განხორციელდა.
ახალი საბაგიროების გარდა გუდაურში 2 ბიგელის ამწეც დამონტაჟდა.
თეთნულდი ერთდროულად 7 000 მოთხილამურის მიღებას შეძლებს.
საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, თეთნულდი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად იქცევა, რომლის სათხილამურო ტრასა ამიერკავასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7 კმ) იქნება.