თბილისი, 6 დეკემბერი— Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე „ზემო ლარსი“ 330 მგზავრით 232 მანქანა არის გაჩერებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე „ზემო ლარსზე“ სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი ავტომაგისტრალი გადის. საქართველოს სამხედრო გზაზე ამინდის გაუარესების გამო სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსებისათვის შეზღუდვები დაწესდა. მოგვიანებით საქართველოს სამხედრო გზაზე და ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მოძრაობა მთლიანად აიკრძალა.
„საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ 232 მანქანა არის გაჩერებული, მათ შორის 223 სატვირთო და ცხრა ავტობუსი (სულ 330 მგზავრი)“,-ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, „ზემო ლარსზე“ სამშაბათის 08.00 საათის მდგომარეობით მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს გამოაცხადა, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“ მყოფი ადამიანები საჭმლით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფილები არიან, საჭიროების შემთხვევაში მათ პირველ სამედიცინო დახმარებას უწევენ.