საქართველოს პროკურატურა: ფოტოგრაფები ჯაშუშები არ ყოფილან

© Sputnik / Levan Avlabreliკოკა კაციტაძე, პროკურატურა
კოკა კაციტაძე, პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ფოტოგრაფები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე ჯაშუშები არ ყოფილან, მათ ჩვენებები ზეწოლის ქვეშ მისცეს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაადგინა, რომ 2011 წელს შპიონაჟის ბრალდებით გასამართლებულ ფოტოგრაფებს დანაშაული არ ჩაუდენიათ — ისინი აიძულეს აღიარებითი ჩვენებები მიეცათ, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ოთხი ფოტოგრაფის საქმე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმე იყო. მაშინ ფოტორეპორტიორების დასაცავად ჟურნალისტები და ოპოზიცია გამოვიდნენ.

ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ღია გამოძიებას მოითხოვდნენ, რაც გრიფი „საიდუმლოს“ გამო შეუძლებელი იყო. აღნიშნულ საქმეს გრიფი რამდენიმე კვირის წინ მოეხსნა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
შპიონაჟის საქმე: პროკურატურა ფოტოგრაფების გამართლებას მოითხოვს

„გამოძიებამ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შემდეგაც გამოვლენილ იქნენ ამ დანაშაულში ჩართული საჯარო მოხელეები და თავის მხრივ დადასტურდა ფოტორეპორტიორების უდანაშაულობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში“, — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეში ფიგურირებდნენ ფოტოგრაფები: იმ დროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრეს-სამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, ფოტოგრაფი ნათია გედენიძე, ევროპული ფოტოსააგენტო EPA-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც გამოცემა „ალია ჰოლდინგში“ მუშაობდა, თანამშრომლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონტრაქტის საფუძველზე და Associated Press-ის სტრინგერი იყო.

ხელახლა გამოძიებამ, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩატარდა, დაადგინა, რომ ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ხელისუფლება გაუსწორდა იმ ფოტოებისთვის, რომლებიც მათ 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის დროს გადაიღეს. საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნების შემდეგ ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად აისახა.

„სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად ანგარიშსწორების მიზნით შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებულ იქნენ ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე“, — ნათქვამია განცხადებაში.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მერაბიშვილის საქმეს გადახედავს

მანამდე კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უსმენდა ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრებს, რომელიც საერთაშორისო სააგენტოში მუშაობდა, ხშირად აგზავნიდა მოსკოვის წარმომადგენლობაში თავის, გედენიძისა და აბდალაძის ფოტოებს.

მაშინ საგამოძიებო ორგანოებმა მოიგონეს, რომ 2004 წელს მივლინებაში ყოფნის დროს ქურციკიძე რუსეთის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გადაიბირა და აგზავნიდა ფოტოებს, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავდა, აცხადებს პროკურატურა.

მაშინდელი გამოძიების ვერსიით, ამ სამმა ფოტოგრაფმა ჯაშუშური ქსელი შექმნა, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ნათია გედენიძე.

ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ფოტოგრაფების გათავისუფლება მოითხოვა, აღიარებითი ჩვენების მისაღებად მათი შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა დაიწყო.

კერძოდ, დაკავებულ ფოტოგრაფებთან საგამოძიებო იზოლატორში არაოფიციალურად მიდიოდა საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით დევნოზაშვილი და მათ საპატიმროში მძიმე პირობებით, მათი ოჯახების წევრებზე ზეწოლით ემუქრებოდა, აღნიშნულია განცხადებაში.

დევნოზაშვილი იმუქრებოდა, რომ გამოაქვეყნებდა ნათია გედენიძის პირად ფოტოს, რომელიც მის კომპიუტერში ინახებოდა. შედეგად მეუღლეებმა მისცეს აღიარებითი ჩვენება და საკუთარ თავს ცილი დასწამეს. ამის შემდეგ ნათია გაათავისუფლეს, ხოლო მისი მეუღლე სხვა ფოტორეპორტიორებთან ერთად გლდანის მერვე საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ციხეში ფოტორეპორტიორების შეყვანისთანავე საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებითა და დახმარებით სამართალდამცველების მხრიდან მათ მიმართ გაგრძელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლო - Sputnik საქართველო
პროკურატურა კეზერაშვილისა და უგულავას საქმეზე სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს

ფოტორეპორტიორების საკნებში არ თიშავდნენ სინათლეს, მათზე მუდმივი ვიდეოდაკვირვება მიმდინარეობდა, ამასთან, მუდმივად აკითხავდა დევნოზაშვილი და ემუქრებოდა.

ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად ზურაბ ქურციკიძემ და გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადეს, რის შემდეგ მათ ადვოკატებზე უარის თქმა მოსთხოვეს. ხელისუფლების მიერ დანიშნულმა ადვოკატებმა ფოტოგრაფებს გამოძიებასთან საპროცესო გარიგებების დადება აიძულეს, აღნიშნულია განცხადებაში.

2011 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოტოგრაფები შპიონაჟში დამნაშავეებად სცნო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მათ პირობითი სასჯელი შეუფარდეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ზურაბ ქურციკიძეს სამი წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს — ოთხ-ოთხი, ნათია გედენიძეს კი — 1,5 წელი.

2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ ფოტორეპორტიორები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა და საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

ახალი გამოძიების შედეგად, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულია დევნოზაშვილი, ხოლო მუხაძის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამსახურებრივი მოვალეობის გადაჭარბების მუხლით. მუხაძე სხვა საქმეებთან დაკავშირებით, მათ შორის, პატიმრების წამების გამო ინტერპოლით იძებნება.

ყველა ახალი ამბავი
0