თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის გააცხაებით, უწყება თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
„ბრალდების მხარე არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე.წ. რიყის ეპიზოდის გამამართლებელ ნაწილში და სააპელაციო გზით გაასაჩივრებს მას ზემდგომ სასამართლო იმსტანციაში“, — ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ დაუფლების საქმის ეპიზოდში უგულავა გაამართლა. გამოძიების მტკიცებით, ტელეკომპანიის მფლობელი 2008 წელს საბიუჯეტო სახსრების მითვისებისა და ფულის გათეთრების შედეგად შეიცვალა. იმ პერიოდში „იმედი“ ჯოზეფ ქეის ეკუთვნოდა.
სწორედ ამ ეპიზოდში ფიგურირებდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. პროკურატურის მტკიცებით, კეზერაშვილმა მუქარით აიძულა ქეი გაეყიდა ტელეკომპანია 10 მლნ აშშ დოლარად. ფიქტიური გარიგება ქეის კომპანია Lakebots Limited–თან უგულავას დავალებით გაფორმდა.
ამის შემდეგ, პროკურატურის მონაცემებით, უგულავა მოელაპარაკა კომპანია „ახალი რიყის“ მფლობელს, რათა მას ქალაქისთვის 17 მლნ აშშ დოლარის საფასურად, უკან დაებრუნებინა 2006 წელს 7 მლნ აშშ დოლარად შეძენილი რიყის პარკის ტერიტორია. აქედან 10 მლნ აშშ დოლარი ჯოზეფ ქეისთვის იყო განსაზღვრული.
კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება. სასამართლომ მისი საქმე დაუსწრებლად განიხილა.
საქალაქო სასამართლომ უგულავა 2009-2010 წლებში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. საუბარია ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაზე თბილისის მერიასთან არსებულ კომპანია „თბილსერვის გრუპში“, რათა ამ გზით დაეფინანსებინათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის გათვალისწინებით, სასჯელის საბოლოო ვადად 4 წელი და 6 თვე განისაზღვრა.