თბილისი, 6 დეკემბერი– Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა თბილისში უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლების ჩარჩო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ხელშეკრულება წარმოადგენს ივლისში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებას „საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“. მაშინ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ.
"კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სწავლებებითა და შეიარაღებული ძალების წვრთნებით. ასევე, გავაძლიერებთ თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან“, — განაცხადა იზორიამ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
სამწლიანი დოკუმენტი საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობის გრძელვადიანი ამოცანების განსაზღვრას, პრიორიტეტების სინქრონიზაციას და რესურსების დაგეგმარებას ითვალისწინებს. ის ასევე თავდაცვის სფეროში შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„კიდევ უფრო მეტ სწავლებებს დავგეგმავთ საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ეს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელოვანი ელემენტია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ“,-ხაზი გაუსვა კარპენტერმა.
თბილისში გაფორმებული ხელშეკრულება ყოველწლიურ გადახედვასა და განახლებას ექვემდებარება.
მაიკლ კარპენტერი თბილისში სამშაბათს ჩამოვიდა. მან საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრები გამართა.
საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში.